English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
ხსოვნა ნათელი - პროფესორი ოთარ საღარეიშვილი - 90

არიან ადამიანები, ღვთის ნიჭით გამორჩეულნი, რომლებიც თესენ სიყვარულს, სათნოებას, ქმნიან, აშენებენ, თვითონ იწვიან და სხვას გზას უნათებენ“ (ილია II). ასეთ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება უდავოდ  ქართველ მამულიშვილთა ერთ-ერთ სამჭედლოში - დიდ ჯიხაიშში 1927 წლის 11 აპრილს დაბადებული ბატონი ოთარ საღარეიშვილი. მან, როგორც უნიჭიერესმა და შრომისმოყვარე ახალგაზრდამ, სწავლისა და მეცნიერული წვდომის ყველა ეტაპი დიდი წარმატებით განვლო და 1970 წელს გახდა ეკ. მეცნ. დოქტორი, 1971 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1995 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თსუ-ს მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრის გამგე იყო. პროფ. ოთარ საღარეიშვილს გამოქვეყნებული ჰქონდა 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ათამდე მონოგრაფია, ექვსი სახელმძღვანელო ქართულ, რუსულ, სომხურ, პოლონურ ენებზე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოიცა გერმანულ - ქართული ეკონომიკური ლექსიკონი, ასევე დროის მოთხოვნის შესაბამისი სასწავლო კურსები და პროგრამები. მისი ნაშრომებიდან 50-მდე აგრარულ საკითხებს ეძღვნებოდა, რომელთა შორის სტუდენტთა პროფესიულ აღზრდაში დიდია მისი სახელმძღვანელოს - "სოფლის მეურნეობის ეკონომიკის“ როლი.

მთლიანობაში, პროფესორ ოთარ საღარეიშვილის მეცნირულ-შემოქმედებითი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები იყო: აგრარული ეკონომიკის პრობლემები, წარმოების ეკონომიკის, ორგანიზაციისა და მართვის მეთოდები, მათემატიკური მეთოდები ეკონომიკაში, მოსახლეობის სოაციალურ-ეკონომიკური პრობლემები, შრომითი რესურსების მრავალწახნაგოვანი საკითხები, ბიზნესის ორგანიზაცია, მართვა და მრავალი სხვა.

თსუ-ში წარმატებულ მეცნიერულ-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად იგი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტთან, სოფლის მეურნეობის წარმოება-ორგანიზაციის კვლევით ინსტიტუტთან, ქ. მოსკოვის შრომის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუ თან, ხანგრძლივად მიწვეული იყო პოლონეთის ქალაქ ლოძის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად. იგი იყო 30-მდე ასპირანტისა თუ ხარისხის მაძიებლის მეტად გულისხმიერი და მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელი, რის შედეგადაც ყველამ დაიცვა კანდიდატის თუ დოქტორის ხარისხი.

საგანგებოდ აღსანიშნავია ბატონ ოთარის ეროვნული პათოსით აღსავსე პუბლიკაციები: `აგრარული კონცეფცია“, `ეროვნული მეურნეობის სამომავლო ამოცანები“, "მალე გასაყიდად არაფერი დაგვრჩება“ და მრავალი სხვა, რომლებშიც იგი განიხილავდა ეროვნული ცნობიერებით გამსჭვალული ქართული იდეოლოგიის დამუშავების აუცილებლობას, ახალი სამართლებრივი სახელმწიფოსა თუ საზოგადოების მშენებლობის სამეურნეო მექანიზმების ფორმირებისა და ეკონომიკის მოთხოვნებთან მისი შესატყვისობის მწვავე და აქტუალურ საკითხებს.

ბატონი ოთარი ის მოღვაწე იყო, რომელიც იმთავითვე მისდევდა კაცობრიობის მარადიული წიგნის - ბიბლიის აღთქმას: `კაცს თავისი ქედმაღლობა დაამდაბლებს, თავმდაბალი კი დიდებას მოიხვეჭს“. იგი უხმაუროდ, რუდუნებით მუდამ აკეთებდა ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეებს. რომ არაფერი ვთქვათ მის მეცნიერულ მონოგრაფიებზე, ჩვენ ვიცნობთ მის არაერთ სამთავრობო ბარათს, ზეპირ გამოსვლას, მიძღვნილს ქვეყნის სოფლის მეურნეობის თუ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის ახალი გზების ძიებისადმი, ქართული სოფლის გადარჩენის, მისი ახლებურად წარმართვის თუ აგრარული რეფორმისადმი. არაერთ მაღალი დონის შეხვედრაზე ბატონი ოთარი გულანთებულიც და აღტაცებულიც გვინახავს ქვეყნისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღების გამო, მაგრამ ვაი, რომ უფრო ხშირად იგი გულდაწყვეტილი და აბობოქრებულიც ყოფილა მავანთა გამრუდებულ არაკომპეტენტურ და ზოგჯერ მავნებლურ გადაწყვეტილებათა გამო. ასეთი დაუცხრომელი და აქტიური იყო მისი პოზიცია ყველგან და მუდამ.

საქართველო, დედა უნივერსიტეტი, ახალგაზრდობა, ოჯახი იყო მისი დიდი სიყვარული, ამქვეყნიური ცხოვრების არსი, რისთვისაც მას არასოდეს უღალატია. გამორჩეულად თბილი, მიმნდობი და მიმტევებელი პიროვნება იყო. მას, არაერთგზის, სრულიად დაუმსახურებლად უმუხთლეს, გული ატკინეს, თანაც იმათ, რომელთაც გვერდში ედგა და მეგობრებად რაცხდა..... თუმცა, იგი არ გაბოროტებულა, პირიქით, "ზეციური ღმერთი შეუნდობსო“, სულ ეს იყო მისგან თქმული საყვედური.

"ვინც მოწაფედ არ ყოფილა, ის მოძღვარი არ იქნებაო“,- არც ამ ბრძულ სენტენციას უღალატა ბატონმა ოთარმა. ამასთან, მას ბედმა ჭეშმარიტად გაუღიმა - მეცნიერებაში მისი პირველი მასწავლებელი და გზის გამკვალავი დიდი ნიკო იყო, ბრწყინვალე მეცნიერი და უებრო ქართველი, ყველასათვის საყვარელი და ძვირფასი ბატონი ნიკო იაშვილი. და თუ ბატონ ოთარს დიდი ნიკო წინამძღვრობდა, ჩვენ უფრო დიდი ბედნიერება გვერგო წილად - ერთდროულად ორივე ჩვენი მასწავლებელი იყო (თუმცა, ჩვენ სრულიად სხვადასხვა დროს ვსწავლობდით): ბატონი ნიკო უკვე საკმაოდ ჭარმაგი, მსოფლიო სახელის მქონე მეცნიერი და პედაგოგი, რომელიც ჩვენი ნაკადის სპეციალობის - სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ლექციებს სამშობლო - საქართველოს სიყვარულში უხვად და ოსტატურად აზავებდა და ბევრჯერ აზარტში შესულს, სალექციო თემა სულაც დავიწყნია, განზე გადაუდვია - თქვენ ამას ჩვენი მოწაფე ბატონო ოთარიც კარგად აგიხსნით, სამშობლოს სიყვარულის ახსნა მე მაცალეთო; და ბატონო ოთარიც, თუმცა სრულიად ახალგზარდა, ასპირანტურა ახალდამათავრებული უახლესი ლიტერატურითა და უხვი მასალით გაჯერებულ ლექციებს შთამბეჭდავად, გამობრძმედილი პროფესორის ოსტატობით გვიკითხავდა.

ჩვენ იმთავითვე მოწიწებით განვეწყვეთ ახალგაზრდა ლექტორისადმი, რასაც ბატონი ოთარის ერუდიციასა და განსწავლულობასთან ერთად ხელი შუწყო მისი და ჩვენი დიდი მასწავლებლის ბატონი ნიკო იაშვილის არაერთგზის უაღრესად თბილმა და მაღალმა შეფასებამ ბატონი ოთარის მრვალი ღირსებისა, რომელთაგან ჩვენ უწინარესად გვხიბლავდა მისი ღრმა პროფესიონალიზმი, ცოდნით დატვირთული მორაკრაკე ფრაზეოლოგია, ობიექტურობა, სამართლიანობა, გარემოებათა გონივრული განსჯა, თვითდაოკება, სხვისი ნიჭის და თავდადების დაფასება, ღირსეულთა შექება და გზასაცდენილთა გვერდით დგომა.

და, რაც მთავარია, ოთარ საღარეიშვილი, უნივერსიტეტის, ოჯახის, აღზრდილების თვალისჩინი იყო. სიტყვებს – `აღმზრდელი“, "მასწავლებელი“ რაღაც ამოუცნობი, მაგიური ძალა აქვს. ამ სიტყვებს დღესაც, ჩვენთან ერთად, ბევრი ხშირად იყენებს თავისი აღმზრდელისა და დიდი მასწავლებლის ბატონ ოთარ საღარეიშვილის მიმართ.

ბრძენს ჰკითხეს "რა არის მეცნიერება?“ მან თქვა: "ის, რომ სცნობდე ადამიანებს“. მას აგრეთვე ჰკითხეს: "რა არის სათნოება?“ და მან თქვა: "ის, რომ გიყვარდეს ადამიანები“. ბატონი ოთარი არა მარტო ჭეშმარიტი მეცნიერი იყო მრავალწახგნაგოვანი და ღრმა კვლევებით, არამედ საოცარი ალღოთი არჩევდა მეცნიერული ჟინით შეპყრობილ ახალგაზრდებს და თავის ცოდნას უშრეტელად, ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზეც კი, გადასცემდა მათ. ახალგაზრდებთან მისი დამოკიდებულება ყოველთვის მამაშვილური იყო, დიდი სიყვარულით დატვირთული.

ბატონ ოთარს ყოველთვის თავისი სულიერი სამფლობელო ჰქონდა და ამ სამფლობელოში უდავოდ მეცნიერული სული ბატონობდა. სადაც მეცნიერების სული ბატონობს, იქ დიდი საქმეები მცირე საშუალებებითაც კეთდება. სწორედ ეს იყო ბატონ ოთარის მუშაობის სტილი და ცხოვრების წესი. მისთვის სიცოცხლის შეგრძნება არა მხოლოდ სუნთქვა, არამედ მუდმივი ქმედება, მუდმივად სიახლის ძიება იყო.

ნიჭიერება, გამორჩეული აზროვნება, დიდბუნოვნება, უჩვეულო კაცთმოყვარეობა, შრომის განსაკუთრებული უნარი, ენით აუწერელი წესრიგი, მიმტევებელი - ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი აღმზრდელი. დიახ, ყველა ამ თვისების მატარებელი იყო უნივერსიტეტის, ოჯახის, აღზრდილების თვალისჩინი ოთარ საღარეიშვილი.

ადამიანები მოკვდავები არიან, თუმცა, მცირეთა ხვედრია სიკვდილის შემდეგაც იცოცხლო, ანუ ადამიანად დარჩე. უკვდავება დიდბუნოვანთა სულში ბინადრობს და ასეთი ბედისწერა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. რჩეულ ადამიანთა შორის კი ჭეშმარიტად არის ბატონი ოთარი, რადგან მან დატოვა ფასეული ნაშრომები, მრავალ ახალგაზრდას შესძინა მეცნიერული და ცხოვრებისეული უნარები, ასწავლა მოყვასის, ოჯახის, უნივერსიტეტისა და სამშობლოს სიყვარული. ბატონი ოთარი, თავისი ცხოვრების წესით, შრომისმოყვარეობით, კეთილსინდისიერებით, მეცნიერული კვლევებით, ოჯახისადმი სიყვარულით, დღესაც ეტალონია მრავალი ადამიანისათვის.

ბატონ ოთარის სიმდიდრე მისი ოჯახი იყო: მეუღლე, ყველასადმი დედობრივი მზრუნველობით აღსავსე ქალბატონი იუზა; დღეს წარმატებით მოღვაწე, განათლებითა და ინტელიგენტურობით გამორჩეული შვილები - ზაალი და ირაკლი. ბატონ ოთარის უკვდავება მის შვილიშვილებში - ნინო და მარიამ საღარეიშვილებშიც ღირსეულად გრძელდება.

დასასრულ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ოთარი დიდად დააკლდა თავის ოჯახს, დედა-უნივერსიტეტს, ქართველ ინტელიგენციას, სრულიად საქართველოს. თუცაღა, ბიბლიური სენტენცია - გარდაცვალება სიკვდილია ცოდვილთათვის, განწმენდილთათვის - მარადიულობის დასაწყისი -  გვანუგეშებს.

რევაზ გოგოხია 

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი, ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ მთავარი რედაქტორი

 ეთერ ხარაიშვილი

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ივანე ჯავახიშვილის თსუ-ს მიკროეკონომიკის

კათედრის ხელმძღვანელი